მეტატექსტი და თარგმანი
მეტატექსტი და თარგმანი
პროფესიული თარგმანი მუდმივად დგას განახლებებისა და ტექნოლოგიური ცვლილებების წინაშე. გამოყენებული ტექნოლოგიის მიუხედავად, საბაზისო კომპონენტი თავად დედანი ტექსტის ანალიზია, მიუხედავად იმისა თარგმანს ახორციელებთ ინგლისურ თუ რუსულ ენაზე. ამ ორს კი უკვე საკმაოდ დიდი ტრადიცია აქვს საქართველოს შემთხვევაში. თარგმნის დაწყებამდე ტექსტის ანალიზის მნიშვნელოვანი კომპონენტია კარგად გვესმოდეს რა არს მეტატექსტი და რა როლს ასრულებს იგი პრაქტიკაში. ამ მხრივ, ტექნოლოგიური განვითარება გამოიხატა იმით, რომ გაჩნდა ბევრი ონლაინ ხელსაწყო აღნიშნულის ანალიზისათვის, თუმცა თავად საბაზისო კონცეფციის მეტატექსტების შესახებ იგივე დარჩა. ქვემოთ სწორედ აღნიშნულ საბაზისო კონცეფციებს მიმოვიხილავთ.
ლინგვისტური რევოლუცია
საუკუნეების განმავლობაში, როგორც ქართულ გრამატიკულ ლიტერატურაში, ასევე ზოგადად ენათმეცნიერებაში, წინადადება ითვლებოდა ენისა და მეტყველების უმაღლესი დონის სინტაქსურ ერთეულად. მაგრამ, როგორც ხშირად ხდება ხოლმე მეცნიერებაში, ახალმა აღმოჩენამ შეცვალა ტრადიციული გაგება.
ახალი დარგის – ტექსტის ლინგვისტიკის – წარმოშობამ ეს ტრადიციული ხედვა უარყო. მკვლევარები მივიდნენ დასკვნამდე, რომ წინადადება არ არის ენა-მეტყველების უმაღლესი დონის ერთეული. წინადადება, მართალია, საკომუნიკაციო ერთეულია, მაგრამ არსებობს მასზე დიდი ზომის საკომუნიკაციო სიდიდე. ამ ახალ, უფრო დიდ სამეტყველო ერთეულს მკვლევრები სხვადასხვა ტერმინით აღნიშნავენ, მაგრამ ჩვენ მას მეტატექსტს ვუწოდებთ.
მეტატექსტი
მეტატექსტს აქვს მკაფიო მახასიათებლები, რომლებიც მას ცალკეული წინადადებისგან განასხვავებს, კერძოდ, მეტატექსტს აქვს საკუთარი მიკრო თემა და აზრის დამთავრებულობა, აქედან გამომდინარე, თუ მეტატექსტს ამოვიღებთ საერთო ტექსტიდან, როგორც ცალკე ტექსტს ის აზრს მაინც გადმოგვცემს და აღგვიწერს, თუ რაზეა ესა თუ ის თემა.
მეტატექსტი, თავის სპეციფიკურ კანონზომიერებას ექვემდებარება. თუ ქართულ გრამატიკაში სიტყვათა რიგი მარტივი წინადადების დონეზეა შესწავლილი, მეტატექსტში სიტყვათა განლაგება სრულიად ახალ ფუნქციას იძენს: დამოუკიდებელ წინადადებათა დაკავშირების ფუნქციას. ეს ნიშნავს, რომ მეტატექსტის კომპონენტებში სიტყვათა რიგი უკვე თავისუფალი არ არის, არამედ მკაცრ კანონზომიერებას ემორჩილება.
მეტატექსტის დონეზე სიტყვათა რიგის კანონზომიერება გამომდინარეობს წინადადების ადგილმდებარეობიდან მთლიან სტრუქტურაში.
ი. ა. კრავჩუკის მიერ შემოტანილი „სიტყვათა სინტაქსური თანაფარდობის პრინციპი“ ამბობს, რომ სიტყვები, რომლებიც ზეფრაზული მთლიანობის მეზობელ წინადადებებს აკავშირებს (მაგალითად, ანაფორები, განმეორებები): შეიძლება იდგეს წინადადების დასაწყისში ან შუაში, მაგრამ არა ბოლო ადგილზე. თუ ასეთ სიტყვებს ბოლოში გადავიტანთ, ირღვევა სინტაქსური თანაფარდობის პრინციპი, დამახინჯდება მნიშვნელობა ან შეიცვლება მეტატექსტის შინაარსი.
ისევე როგორც სიტყვათა რიგი, მეტატექსტში წინადადებათა რიგიც მყარია. მეტატექსტში შემავალი დამოუკიდებელი წინადადების ადგილის შეცვლა: ცვლის და ამახინჯებს მის სემანტიკურ მთლიანობას, არღვევს თემა-რემის ურთიერთობას და არღვევს წინადადებათა თანმიმდევრობის კანონზომიერებას, რაც ცვლის ინფორმაციას და აფერხებს კომუნიკაციას. ამიტომ, სიტყვათა და წინადადებათა რიგი წარმოადგენს მეტატექსტის ორგანიზაციის ერთ-ერთ ძირითად საშუალებას.
ფრანგი თეორეტიკოსი ჟერარ ჟენეტი თავის ნაშრომში Palimpsests (1982) გვთავაზობს კონცეფციას ტრანსტექსტუალობა (transtextualité), რომელიც აღწერს ტექსტებს შორის არსებულ სტრუქტურულ კავშირებს. ჟენეტი ამტკიცებს, რომ ყოველი ტექსტი არის „პალიმფსესტი“ (წინა ტექსტების ფენების შემცველი ნაწერი).
მან გამოყო ტექსტებს შორის ურთიერთობის ხუთი ძირითადი ტიპი, რომლებიც მნიშვნელობის წარმოქმნის საშუალებას იძლევა:
- ინტერტექსტუალობა: პირდაპირი ციტირება ან მითითება სხვა ტექსტზე.
- პარატექსტუალობა: ელემენტები, რომლებიც ტექსტს გარს ერტყმის (სათაური, წინასიტყვაობა, ეპიგრაფი).
- მეტატექსტუალობა: ერთი ტექსტის კომენტარი ან კრიტიკული განმარტება მეორეზე.
- ჰიპერტექსტუალობა: ერთი ტექსტის გადამუშავება ან ადაპტაცია (პაროდია, გაგრძელება).
- არქიტექსტუალობა: ტექსტის ჟანრული ან სტილისტური კლასიფიკაცია.
მეტატექსტის თვისებები
მეტატექსტის განსაკუთებულობა ასევე მდგომარეობს იმაში, რომ მას ახასიათებს კოჰეზიურობა. კოჰეზია არის ტექსტის შემადგენელი ელემენტების უნარი ამავე ტექსტის სხვა ელემენტებთან დაკავშირებისა. არსებობს დაკავშირების სხვადასხვა ძირითადი საშუალება, კერძოდ, მეტატექსტის კომპონენტების ორგანიზაცია და ურთიერთდაკავშირება ხორციელდება: მაერთებელი და მაქვემდებარებელი კავშირებით, ანაფორული ნაცვალსახელებით და ზმნიზედებით, ლექსიკური განმეორებით და სინონიმური ჩანაცვლებით, ჩართული გამოთქმებით, ნაწილაკებით, ზმნა-შემასმენელთა ურთიერთმიმართებით, სიტყვათა და წინადადებათა რიგით.
ეს კოჰეზიის საშუალებები სინტაქსისთვის უცნობია და ტექსტის ლინგვისტიკის კუთვნილებაა. მოცემული პრინციპები გვიჩვენებს, რომ მეტატექსტი არის კომუნიკაციის რთული და მკაცრად ორგანიზებული საშუალება, სადაც წინადადებების შინაგან მთლიანობას მათი განლაგება და რიგი უზრუნველყოფს.
მეტატექსტების ფუნქცია თარგმანში
ინგლისურ და რუსულ ენებზე თარგმანის პროცესში მეტატექსტების ფუნქცია არა მხოლოდ მნიშვნელოვანი, არამედ მრავალმხრივია. ეს განსაკუთრებით ნათელია, თუ თარგმანს აღვიქვამთ, როგორც კომპლექსურ კომუნიკაციურ, კულტურულ და ინტერპრეტაციულ აქტს და არა მხოლოდ სიტყვების ერთი ენიდან მეორეში გადმოტანად.
ინგლისურ და რუსულ, ასევე ევროპულ ენებში უპირველეს ყოვლისა, „მეტატექსტი (ტექსტი ტექსტის შესახებ)“ არის ის სივრცე, სადაც მთარგმნელს ეძლევა შესაძლებლობა, განმარტოს, მოახდინოს ორიგინალის შინაარსის, ტონის ან კულტურული კონტექსტის გადმოცემა და გადააზრება. თარგმანში მეტატექსტური ელემენტები შეიძლება გამოიხატოს სხვადასხვა ფორმით: მთარგმნელის შენიშვნები, სქოლიოები, წინასიტყვაობები, კომენტარები, ან თუნდაც თავად შერჩეული სტილისტური მიდგომა, რომელიც მთარგმნელის ინტერპრეტაციულ ხედვას ასახავს.
მეორე მხრივ, მეტატექსტი მოქმედებს როგორც „ხიდი ორ კულტურას შორის“ თარგნმნის პროცესში. ის გამჭვირვალეს ხდის იმას, თუ როგორ აღიქვა მთარგმნელმა საწყისი ტექსტი და როგორ მოახდინა მისი ადაპტირება სამიზნე კულტურის ლინგვისტური და კულტურული მოთხოვნების შესაბამისად - ამ მხრივ მთარგმნელს ტექსტების გაცნობის და წვდომის ბევრი ონლაინ რესურსი აქვს. მაგალითად, მთარგმნელი მეტატექსტურ ჩარევას ახორციელებს იმ დროს, როდესაც რთულ კულტურულ ალუზიებს ან ისტორიულ ფაქტებს სქოლიოებით უხსნის მკითხველს.
დასკვნის სახით, თარგმანში მეტატექსტის როლი შეიძლება განისაზღვროს, როგორც „ინტერპრეტაციისა და გამჭვირვალობის ინსტრუმენტი“. ის ხელს უწყობს მკითხველს, გაიაზროს არა მხოლოდ თავად გადმოტანილი ტექსტი, არამედ თარგმნის პროცესში მიღებული გადაწყვეტილებები. ამგვარად, მეტატექსტი წარმოადგენს თარგმანის ეთიკური, თეორიული და კულტურული ცნობიერების განუყოფელ ნაწილს, რაც საბოლოოდ ადასტურებს, რომ თარგმანი თავის არსით ყოველთვის არის „ტექსტი ტექსტის შესახებ“, ანუ მეტატექსტი.
თუ გსურთ ისარგებლოთ ჩვენი სერვისით, დაგვიკავშირდით ნომერზე: 032 2 83 03 63 | +995 557 114 372 | +995 598 46 40 46
ან გვეწვიეთ ოფისში - მის: თბილისი, ბათუმის ქუჩა 3ა.
